გერმანიის საელჩო, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.

„ამგვარად, ეს არის გერმანიის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს შემდგომი რეაგირება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაახლოების გზიდან გადახვევასა და პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.

გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას.

სწორედ ამიტომ, განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით აღარ განაცხადოს თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოსაცდელი ვადით შეაჩეროს. 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერება პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ურთიერთობების ამ გადახედვიდან გამომდინარეობს.

სხვა მიმდინარე პროექტების გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა მოსახლეობის მიმართ და დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციით გამყარებულ გზას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ipn.ge