საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2024 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 58.34 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 371.92 მილიონი ლარით, 0.64%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით მეტი).

დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 151.99 მილიონი ლარით, ანუ 0.57%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.97%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 523.91 მილიონი ლარით, ანუ 1.67%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.27%-ით).

ანგარიშის თანახმად, სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე დეპოზიტების დოლარიზაცია 49%-დან 53%-მდე გაიზარდა, ლარიზაციის მაჩვენებელი კი სექტემბერში არსებული 51%-დან 47%-მდე შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ლარის დეპოზიტების კლება თვეების მიხედვით ასეთია:

  • ოქტომბერი - 1.16 მილიარდი ლარი;
  • ნოემბერი - 351 მილიონი ლარი;
  • დეკემბერი - 453 მილიონი ლარი.

უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდამ კი 2024 წლის IV კვარტალში 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა.