2024 წელს თბილისის მერიამ დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათში გადაადგილებაზე დაწერილი ჯარიმებით 1.152 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

ცნობისთვის, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.

08:00-11:00 საათების შუალედში რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.