გიორგი თაბუაშვილმა მეურნეობა ოჯახთან ერთად 9 წლის წინ წამოიწყო. შიდა ქართლში, სოფელ დოესში ვენახიც გააშენა. მოგვიანებით, მარანი მოაწყო და გორული მწვანეს, ჩინებულისა და თავკვერის ჯიშის ყურძნისგან გამორჩეული ღვინის წარმოება დაიწყო.
“მეღვინეობისადმი ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესი მქონდა. საქმე ძალიან შრომატევადია, ბაზარზე გასვლა ადვილი არ იყო, მაღალი ხარისხი უნდა დაიჭირო, რომ სხვებს კონკურენცია გაუწიო. თუმცა. ჩვენ ყველა ეტაპი შემართებით გავიარეთ - მეურნეობის დაწყებიდან ორ წელში კი კიდევ ერთი ვენახი გავაშენეთ”, - ამბობს გიორგი თაბუაშვილი.
მეწარმე ყურძნისა და ღვინის რეალიზაციას ახლა ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, თუმცა გეგმებში, სამომავლოდ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლაცაა.
თაბუაშვილებმა მეურნეობა საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით განავითარეს - ფინანსური რესურსი ჯერ ვენახის ნერგების გაშენებისთვის, შემდეგ კი მარნის ასაშენებლად გამოიყენეს.
ახლა მარანში, საშუალოდ, 4 ტონა ღვინო იწარმოება. ჯამში, წელს, 20-25 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. სრული დატვირთვით კი მეწარმე მოსავლის 35 ტონამდე ზრდას ელის.
“სოფლები - დოესი, ხიდისთავი, ატენი, ხოვლე უნიკალური ზონაა ჩინებულისა და გორული მწვანესთვის. ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა დიდია. ღვინოს ბოთლებში ვასხამთ და თბილისში რამდენიმე მაღაზიაში შეგვაქვს” ,- ამბობს გიორგი თაბუაშვილი.
მარანი “დოესი” წელიწადში რამდენიმე ფესტივალზეა წარმოდგენილი. ისინი მუდმივად ეძებენ ახალ შესაძლებლობებს და ამაყობენ, რომ მათ დაწურულზე სხვები ხშირად აღნიშნავენ - “კარგი, ჯანმრთელი ღვინოაო”.
“ალბათ არცერთ დარგს სჭირდება ამდენი დრო, რომ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრო”, - ამბობს გიორგი. თუმცა, მეწარმის საქმიანობა მხოლოდ ვენახითა და მეღვინეობით არ შემოიფარგლება - წელს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თაბუაშვილებმა მსხლის, ვაშლისა და ატმის ბაღებიც გააშენეს და ტექნიკა შეიძინეს.
“უკვე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს - ხილის ბაღები ჯამში 8 ჰექტარია, ეს კი დამატებითი 12 სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს. ჩვენ წლის განმავლობაში სულ მცირე 4-5 თვე რამდენიმე ადამიანს ვასაქმებთ, ხილის კრეფისა და რთველის პერიოდში კი მათი რიცხვი კიდევ იზრდება”, - განმარტავს გიორგი თაბუაშვილი.
მეწარმე რამდენიმე წელში ბაღებიდან 300-400 ტონამდე მოსავალს ელოდება. მომავალში ასევე სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმავს.
“ამ საქმეში მთელი სული და გული ჩავდეთ, ყველა დეტალი სიღრმისეულად შევისწავლეთ. მეურნეობას მუდმივი ყურადღება სჭირდება. ამის მიღწევა კი ფინანსური მხარდაჭერის, თანადაფინანსების პროგრამის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. მთავარი კი მაინც მონდომებაა - თუ ინტერესი და მოტივაცია გაქვს, ყველაფერი გამოგივა”, - ამბობს მეწარმე.
თაბუაშვილების მეურნეობა კი არ ჩერდება - მეწარმე მომავალში მოსავლის დაცვის სისტემების დანერგვას და საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს.