"ქართული ოცნების" ინიცირებული და მიღებული კანონის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირებსა და დეპუტატებს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ხელფასები გაეზარდათ.
პრემიერის და პრეზიდენტის ხელფასი 14 600 ლარი გახდა, ხოლო პარლამენტის დეპუტატების ანაზღაურება 2.5-ჯერ გაიზარდა.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, დღევანდელი ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი თანამდებობის პირებისთვის მსგავსი მოცულობით ანაზღაურების მატების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ჩნდება კითხვა, რამდენად მართებულია მსგავსი მოცულობით თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა.
„საქართველოს ეკონომიკის და სახელმწიფო ბიუჯეტის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ფუფუნება, პარლამენტის 150 დეპუტატს 10-11 ათასი ლარი გადავუხადოთ, უბრალოდ აქ არის შესაბამისობის თემა. ვუყურებთ, რა ოდენობით გაიზარდა პენსია, რა ოდენობით გაიზარდა საჯარო სექტორში ხელფასი წლიდან წლამდე, ასევე ვხედავთ პარლამენტში ხელფასების რამდენჯერმე ზრდას, ჩნდება კითხვა, რამდენად სწორი მომენტია ახლა ასეთი მაღალი მატება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათი დიდი ნაწილი საკმაოდ მდიდარი ადამიანია.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ არსებული პარლამენტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახულია, მისი წევრების რისკები სერიოზულად გაზრდილია. „ქართული ოცნების“ ბიზნესმენი პარლამენტარები სერიოზული რისკის ქვეშ არიან. შესაბამისად, რაღაცნაირად საჭირო იყო ამ მაღალ რისკზე წასვლის დაფასება და ეს მოხდა ხელფასების გაზრდით. სამწუხაროდ, აქაც ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს გვიწევს, რომ ჩვენი გადასახადებიდან ხარჯი გავწიოთ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი წევრების ლოიალობა იყიდოს და ეს თავისთავად ცუდი მოვლენაა“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
წყარო: bm.ge