1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2024 წლის წლიური (2023 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი „კომერსანტის“ ეთერში განმარტავს, თუ ვის ეხება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა.
„ საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს აქვთ ბოლო ვადა წარადგინონ დეკლარაცია შემოსავლების სამსახურის პირად გვერდზე ორ შემთხვევაში: თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და მათი და მათი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, მეორე- თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად მისი შემოსავლებისა.
დასაბეგრი ქონება ეს არის საქართველოში არსებული უძრავი და ასევე მოძრავი ქონება.
უძრავ ქონებაში ვგულისხმობ: სახლს, მიწის ნაკვეთს, ასევე მიწის ნაკვეთზე არსებულ მიტოვებულ შენობას, დაუმთავრებელ შენობას, დაზიანებულ შენობასაც კი, მიწის ნაკვეთი თუ უკვე არის რეგისტრირებული, მოქალაქე ვალდებულია, ქონებრივი დეკლარაცია წარადგინოს.
მოძრავ ნივთებში იგულისხმება: ავტომობილი, კატერები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები და ა.შ.
დასაბეგრი მიწა არის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც შევიძინეთ ან სახელმწიფომ გადმოგვცა, მაგრამ არა ის მიწა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა ან გვაჩუქეს. მიწა დაიბეგრება იმ შემთხვევაშიც თუ ის ჩვენ საკუთრებაში არაა, გარდაცვლილი პირის სახელზეა, მაგრამ მუდმივად ვიყენებთ.
ქონების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ გექნებათ იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ ამ კონკრეტულ მიწას, მაგრამ არ გაქვთ დადებული იჯარის ან ქირის ხელშეკრულება“,- აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
სასურველი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 დღეის მონაცემებით, 240 288 ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.