საქართველოს ეროვნულის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, სარაევოში OECD/INFE-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა ბოსნია და ჰერცოგოვინაა.

კონფერენციაში, რომლის სახელწოდებაა - „ფინანსური განათლების ტენდენციები და გამოწვევები“ - მონაწილეობდნენ სსფ-ის ნიდერლანდის ჯგუფის წევრი ქვეყნების რეგიონული ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები. მათ შორის, ხორვატიის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბოიან ფრასი, მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ტრაიკო სლავესკი, მოლდოვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ანკა დრაგუ  და ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბაკის პრეზიდენტი ჯასმინა სელიმოვიჩი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ფინანსური განათლების მნიშვნელობა ძლიერი ეკონომიკური ზრდისთვის“ ვრცლად ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელოვან როლზე მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ნინო ჯელაძემ პანელური დისკუსიის მონაწილეებს გაუზიარა ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელების ქართული გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალებისა და მეწარმეების როლის გაძლიერებაზე ისეთი ინიციატივების საშუალებით, როგორიცა სებ-ის ფინანსური განთლების პლატფორმა Finedu და მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის, „Finedu ქალებისთვის“.

„ეროვნული ბანკის ძალისხმევით ქვეყანას 2016 წლიდან აქვს ფინანსური განათლების სტრატეგია, რომელიც 2023 წელს განახლდა და ქალების სეგმენტი ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განისაზღვრა.  ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფინანსური განათლება ყველაზე დიდ შედეგს მაშინ იძლევა, როდესაც საჯარო და კერძო სექტორი ერთად მუშაობს. ამ თანამშრომლობით ფინანსური განათლება იქცევა არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლების, არამედ რეალური შესაძლებლობების გამაძლიერებელ ფაქტორად. ფინანსური განათლება რჩება ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, ამიტომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ეფექტური და შედეგიანი აქტივობებისათვის, რაც ჩვენი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი წინაპირობაა“,  - აღნიშნა მან.

კონფერენციის ფარგლებში ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების მიმართულების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში და კოლეგებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს. 

სებ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თეიმურაზ ხომერიკი და სებ-ის ფინანსური განათლების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები. 

საერთაშორისო კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური დახმარების პროექტი საქართველოსთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას აერთიანებს და რეგიონში ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს