ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, პარლამენტში ფასების საკითხზე შექმნილი დროებით კომისიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც უნდა დაიბარონ.
როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ორგანო ეროვნული ბანკია, შესაბამისი კომისია პირველ რიგში, სწორედ სებ-ის პრეზიდენტის პოზიციით უნდა დაინტერესდეს.
ამასთან, მისივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო კომისიებმა რეალური შედეგი დადონ.
„მე მგონია, რომ არასდროს და არსად საფასო პოლიტიკის საჯარო განხილვა კომისიური წესით არ იქნება სწორი პოლიტიკა ფასების სტაბილურობაზე მიმართული. ამაზე უნდა იზრუნოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ. ჩვენ კი ვხედავთ, როგორ „ზრუნავს“ მთავრობა ფასების სტაბილურობაზე - დეკემბერში იმაზე ორჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე გათვალისწინებული იყო და ფაქტობრივად ხელი შეუწყო [პროდუქციის] გაძვირებას. მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო არის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი იმაზე, თუ რატომ გაიზარდა ფასები ახლა.
იმისთვის, რომ ამაზე ნაკლებად ვისაუბროთ, ახლა ყველა ისარი იქითაა მიმართული, თითქოს საქართველოში სუპერმარკეტების დიდი რაოდენობა ავსტრიასთან შედარებით, არის ფასების ზრდის საფუძველი. ეს ჩვეულებრივი აბსურდია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ეკონომიკური პოპულიზმით შეიძლება მთლიანად დაინგრეს ეკონომიკა. ამ მხრივ, „ქართული ოცნების“ ეს მენეჯმენტი განსაკუთრებით არაკომპეტენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის კომპეტენციაა. როდესაც ქვეყანაში ფასებზე ვსაუბრობთ, მთავრობას კითხვები უნდა ჰქონდეს ეროვნულ ბანკთან, ხოლო ეროვნულ ბანკს - პასუხები მთავრობისა და პარლამენტის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს აქტიური. წესით, ფასების კომისიაზე პირველი სტუმარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს, მაგრამ ნახავთ, რომ დაკითხვის რეჟიმში სებ-ის პრეზიდენტი არ იქნება, არამედ ამ რეჟიმში სუპერმარკეტების მესაკუთრეები და მენეჯერები იქნებიან”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.