ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტში დამატებით 22 რუსული ბანკი მოხვდა. მათ შორის არიან: T-Bank, Dom.RF, Surgutneftegazbank, Yandex-bank, Zenit bank, Ozon Bank, Transstroibank, Tatsotsbank და სხვა ფინანსური ორგანიზაციები. ევროპული სანქციების ქვეშ პირველად მოექცა რუსეთთან ვაჭრობის მომსახურე ორი ჩინური ბანკი, ასევე, კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტი ტანკერი და ჩინური, თურქული, ჰონგ-კონგური კომპანიები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობდნენ.
ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის ამოქმედების შემდეგ UnionPay-ის საბანკო ბარათებმა საქართველოსა და ევროკავშირის 27 ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს. ჩინური გადახდის სისტემა UnionPay-ის საბანკო ბარათებს რუსეთის სახელმწიფო ბანკი „როსსელხოზბანკი“ უშვებს.
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან, ფულს სწორედ ჩინური UnionPay-ბარათიდან ანაღდებდნენ. სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედების შემდეგ კი, რუსეთის მოქალაქეების თანხის განაღდებას ვერ ახერხებენ.
შეზღუდვები, ასევე, მოქმედებს ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, დანიაში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, კვიპროსში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, მალტაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ფინეთში, საფრანგეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, შვედეთსა და ესტონეთში. ამასთან, UnionPay-ის ბარათები კვლავ ფუნქციონირებს თურქეთში, კატარში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ტაილანდში, სერბეთში, მალაიზიაში, უზბეკეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში.