ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ 2026 წელს დაგეგმილი ევრობონდების რეფინანსირებისას განაკვეთის გაძვირებაა მოსალოდნელი. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ეს გლობალურად არსებულ ვითარებას უკავშირდება.
2026 წელს საქართველო ევროობლიგაციის გამოშვებით $500 მილიონს ისესხებს და 2021 წელს გამოშვებულ ბონდს დაფარავს. საუბარია 2021 წელს გამოშვებული ევრობონდის რეფინანსირებაზე, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში 1.37 მილიარდი ლარის საგარეო კრედიტის აღებაა გათვალისწინებული.
კაკაურიძემ პარლამენტში, კომიტეტზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ BMG-სთან მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში სიახლე სწორედ ევრობონდების რეფინანსირებაა, რომელიც წლის დასაწყისში იგეგმება.
"როგორც ყოველთვის ჩვენ პირველ ვარიანტს და ზოგადად ბიუჯეტს ვგეგმავთ კონსერვატიულ პროგნოზებზე დაყრდნობით, ამიტომ გვაქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს კვლავ 2,5%-ის ოდენობით და შესაბამისად, აი ამის ფარგლებშია დაგეგმილი 2026 წლის ბიუჯეტი. ჯამში 35 მილიარდ ლარზე მეტი იქნება ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში. სახელმწიფო ბიუჯეტი გადააჭარბებს 30 მილიარდ ლარს და ძირითადად ეს ბიუჯეტი აწყობილია იმ პროგრამის შესრულებაზე, რომელი პროგრამაც გასულ წელს პარლამენტის მიერ იქნა დამტკიცებული და სწორედ ის ახალი მიმართულებები, რაც არის, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურა, განათლების ინფრასტრუქტურა, ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი რესურსები გამოყოფილი.
ერთი სიახლე, რაც გვაქვს 2026 წლის ბიუჯეტში, განსხვავებით წინა წლების ბიუჯეტებისგან არის ევრობონდების რეფინანსირება. ჩვენ მომდევნო წლის დასაწყისში ვგეგმავთ, რომ ახალი ევრობონდების ემისია გავაკეთოთ და შესაბამისად მოხდეს 2021 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირება.
დანარჩენი მიმართულებებით არის ზრდა, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური დაცვის მიმართულებით, იზრდება პენსიები იმ ფორმულის მიხედვით, რომელიც ხუთი წლის წინ იქნა დადგენილი, შესაბამისად, 45 ლარით იზრდება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია, 20 ლარით 70 წლამდე პირთა პენსია, შესაბამისი დანამატები რა თქმა უნდა იქნება მაღალმთიან დასახლებებში, ასევე შშმ პირების ნაწილში და ყველაფერი ეს უკვე ასახულია 2026 წლის ბიუჯეტში, თუმცა ეს არ არის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, ჩვენ დაახლოებით ორთვიანი მუშაობა გვექნება პარლამენტთან იმისათვის, რომ საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდეს და უკვე დეკემბერში მოხდეს მისი დამტკიცება",- აცხადებს კაკაურიძე.
2021 წელს, 500 მლნ აშშ დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციების ემისიისას, კუპონის განაკვეთმა 2.75% შეადგინა. BMG-ის კითხვაზე, ელის თუ არა განაკვეთების ზრდას, კაკაურიძემ თქვა, რომ მსოფლიო ბაზარზე განაკვეთები გაზრდილია.
"განაკვეთის გაძვირება რა თქმა უნდა მოსალოდნელია, გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელთან შედარებით მსოფლიო ბაზარზე განაკვეთები გაზრდილია, როგორც Euribor-ის ნაწილში, ასევე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ობლიგაციების ნაწილში განაკვეთები გაზრდილია და ეს რა თქმა უნდა იქონიებს გავლენას ევრობონდის გამოშვების დროს, თუმცა თვითონ რისკის ნაწილში, რაც არის, ანუ განსხვავება თუნდაც ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთთან შედარებით, ამაში დიდი სხვაობა, ვფიქრობ, რომ არ იქნება",- ამბობს მინისტრის მოადგილე.