საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ნახევარზე მეტი უკვე გაიარა. ტურნირის ყველაზე რთულ ჯგუფში მყოფი საქართველო, 4 დღეში 3 გრანდს - მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, ასევე იტალიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდა.

ესპანეთთან სენსაციურმა გამარჯვებამ (83:69) ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალური გახადა. არადა, პლეი-ოფში თამაშის ყველაზე პროგნოზირებადი გზა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლის, კვიპროსისა და ჩინებულ ფორმაში მყოფი ბოსნია და ჰერცეგოვინას დამარცხება უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩვენმა ნაკრებმა მთელი საკალათბურთო სამყარო გააოცა: ესპანეთს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

შემდეგ იყო 2 დღეში გამართული 2 მატჩი. იტალია გადაულახავი ზღუდე აღმოჩნდა. წინ 3 შეხვედრა იყო სათამაშო. ამ მოცემულობით, საბერძნეთთან ვა-ბანკზე წასვლა და გარისკვა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვჯდომოდა. ამიტომაც, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სიფრთხილე გამოიჩინა: გუნდი არ გადაღალა, აქცენტი სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებზე გააკეთა და გუნდის ბირთვის ძალა მომდევნო მატჩებისთვის შემოინახა. საბერძნეთთან დავმარცხდით, თუმცა უკან დახევა სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯი იყო.

გადატვირთული კალენდრის შემდეგ, ჩვენს კალათბურთელებს პაუზის აღების საშუალება მიეცათ. ამჟამად, ისინი ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან.

2 სექტემბერს, 19:15-ზე, ჯგუფის მთავარ აუტსაიდერს - კვიპროსს დავუპირისპირდებით. ჩვენთან შეხვედრამდე, ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა 3 მატჩი გამართა და სამივეში დამარცხდა. მეტსაც გეტყვით: ტურნირზე მონაწილე გუნდებს შორის, ყველაზე ცოტა ქულა სწორედ კვიპროსს აქვს ჩაგდებული. შესაბამისად, უდიდესი ალბათობით, კვიპროსი იოლი ნადავლი აღმოჩნდება და მთავარ მატჩზე გადავერთვებით.

ბოსნია და ჰერცეგოვინა გაცილებით რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენი ნაკრების შემადგენლობა და ესპანეთთან ნაჩვენები კალათბურთი იმის მანიშნებელია, რომ ამ შეხვედრას 1 ფავორიტი ჰყავს. ჯიკიჩის მთავარი ამოცანა ამ პრინციპულად მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება იქნება (4 სექტემბერი, 16:00).

ევრობასკეტის პლეი-ოფში 6-დან 4 გუნდი გადის და ჯგუფში თანაბრად დაგროვებული ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს მიენიჭება. შესაბამისად, კვიპროსთან, შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით, პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მოვიპოვებთ.

ვის ვხვდებით პლეი-ოფში?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პოზიციას დავიკავებთ ჯგუფში. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც 1-4 პოზიციაზე გასული გუნდები D ჯგუფის საუკეთესო 4 ნაკრებს დაუპირისპირდებიან. პირველ ადგილზე გასული მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე-მესამეს და ა.შ. ამ ფორმატის მიზანია, ევრობასკეტის დასკვნით ნაწილში, მხოლოდ საუკეთესო გუნდებმა მოიყარონ თავი.

მომდევნო შეხვედრები ამ პრინციპით გადანაწილდება:

  • C1 v D4 
  • C2 v D3 
  • C3 v D2 
  • C4 v D1

3 მატჩში 3 გამარჯვებით, D ჯგუფს, ერთპიროვნულად, პოლონეთის ნაკრები ლიდერობს. 5-5 ქულა აქვთ ისრაელსა და საფრანგეთს, მათ მოჰყვებიან სლოვენია და ბელგია (4-4 ქულა), ბოლო ადგილს კი, 3 მარცხით, ისლანდია იკავებს (3 ქულა).

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. 

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.