ე.წ. თეთრის სიის გაუქმება ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებას გაზრდის. პროექტების ფინანსური დანახარჯები, საბანკო დაწესებულებასთან გადასახდელი თანხების მოცულობა გაიზრდება, - ამის შესახებ კომპანია "ანაგის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სექტორი ე.წ. თეთრი სიის გაუქმებას არ ემხრობა, თუმცა გამკაცრება ლოგიკური იქნება.

"რა თქმა უნდა, დარგისთვის ე.წ. თეთრი სიის გაუქმება სასურველი არ არის. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ითქვა, რომ გარკვეული ვადები დასახელდება, როცა აღნიშნული სია სხვა ფორმით ჩამოყალიბდება, თუმცა როგორი ფორმით - ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაჟღერებულა. საუბარია, რომ ე.წ. თეთრი სიის მეპატრონე კომპანიები გარანტიის ნახევარს წარადგენენ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად და ცვლილების შემთხვევაში, მოგვიწევს 100%-ის წარდგენა. ეს პირველ რიგში დამატებითი ხარჯია, თუმცა ზოგიერთი კომპანიისთვის შესაძლებლობების შეზღუდვა. საბოლოო რედაქცია როგორც კი გაჟღერდება შემდეგ უკეთ ვიმსჯელებთ. 

ე.წ. თეთრ სიაში მოხვედრა ძალიან მარტივი იყო. აღნიშნულ სიაში მოხვედრა თუ გარკვეულ პრივილეგიებს ნიშნავს, მაშინ ამისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული წესი და პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეეძლებათ კომპანიებს სიაში მოხვედრა. სწორედ ამიტომ, გადახედვა რეალურია და მოთხოვნების გამკაცრებაც სავსებით ლოგიკური. 

თუ კვალიფიციური კომპანიაა და ძლიერი კომპანიაა სიაში მოხვედრას შეძლებს, მაგრამ ხარჯები გაეზრდება. თუ არაკვალიფიციურია ვერ შეძლებს, რაც ამ შემთხვევაში შესაძლებლობების შეზღუდვაა. გამკაცრებას ვერ შევეწინააღმდეგებით, თუმცა გაუქმება არ იქნება სასურველი", - აცხადებს ირაკლი გოგოლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი თემა "თეთრი სიის" საკითხი იყო, სადაც მისი გაუქმება, თუ დახვეწის შესაძლებლობები განიხილეს.

ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდანაღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

bp.ge