ესკო (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) პრემიების გაცემის პრაქტიკა გამჭვირვალობის ნაკლოვანებით ხასიათდება.
როგორც სახელმწიფო აუდიტის კვლევამ აჩვენა, 2022-2023 წლებში, უწყების თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით 1,968,631 ლარი გაიცა, საიდანაც 1,595,837 ლარი, ანუ ჯამური პრემიის 81% შესაბამისი დასაბუთების გარეშე.
აუდიტის მიხედვით, პრემიები გაცემული იყო ძირითადად კვარტალური და სადღესასწაულო ჯილდოების სახით, თუმცა დოკუმენტებში არ არის მითითებული კონკრეტული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები და მათი წახალისების საფუძვლები. ორი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 5,794,635 ლარი, ხოლო პრემიის სახით – თითქმის 2 მლნ ლარი გაიცა.
ესკო-ში შრომის ანაზღაურება ასე გადანაწილდა:
- 2022 წელს ხელფასი – 2,668,440 ლარი, პრემია – 837,301 ლარი;
- 2023 წელს ხელფასი – 3,126,195 ლარი, პრემია – 1,131,330 ლარი.
აუდიტორები ასკვნიან, რომ ეს პრაქტიკა არღვევს გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რადგან წახალისების სისტემა არ ემყარება თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებს.
"ესკო-მ თანამშრომელთა წახალისების სისტემის გამჭვირვალობის მიზნით უნდა დანერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა და შრომის ანაზღაურების შინაგანაწესში გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გაიცემა ფულადი ჯილდო დასაქმებულ პირებზე,“ – ვკითხულობთ აუდიტის რეკომენდაციაში.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ესკო-მ 2023 წელს 513.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 175.5 მლნ ლარით ნაკლებია. კომპანიის წმინდა მოგებამ 2023 წელს 6.56 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.7 მლნ ლარი იყო.
როგორც აუდიტის მოკვლევიდან დგინდება, 2022-2023 წლებში ესკომ სამორიგეო ავტომობილებზე ჯამურად 67,455 ლარი დახარჯა. მიუხედავად ამისა, ავტომობილების გამოყოფა არ ხდებოდა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, რაც სამსახურებრივი მანქანების პირადი მიზნებით გამოყენების რისკს ქმნის.
2022-2023 წლებში ესკოს საზღვარგარეთ მივლინების ხარჯები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმას 18,279 ლარით აღემატებოდა. გადახდილი თანხების დასაბუთებისთვის არ არსებობს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება ან სხვა სახის დოკუმენტი..