არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაში“ BMG-ის განუცხადეს, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის ფონზე, მათი ორგანიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიუღებელია.

ასოციაციის დირექტორის, მარიამ ჯორჯაძის განცხადებით, თავად სისტემა, რომლითაც მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გეგმავს, არასწორია და მოლოდინია, რომ შესაბამისი გრანტებით ხელისუფლებასთან დაახლოებული NGO-ები ისარგებლებენ.

„ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ამ სააგენტოს მივმართოთ, თუნდაც ეს დაფინანსება რეალურად გამოიყოს. ჩემი აზრით, დღეს პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და მას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება და არა მთავრობის ირგვლივ ვითომ დაინტერესებული ადამიანების მოკრება, ვინც მთავრობას ემხრობა. როდესაც ე.წ. რუსული კანონი შემოვიდა, ჩვენ მისი წინააღმდეგი ვიყავით და არც დავრეგისტრირებულვართ. ჩვენი ორგანიზაცია თავისი არსით ამ კანონს ეწინააღმდეგება. არ ვთვლით, რომ საქმეს, რასაც ვაკეთებთ - ორგანული სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი კულტურების შენარჩუნება-აღდგენა, მცირე მეწარმეობის განვითარება, ეს აგენტების საქმეა და ასეთი იარლიყის მიწებება არასწორად მიგვაჩნია. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

რაც შეეხება ბიუჯეტიდან გრანტების გამოყოფას, ეს სისტემა თავიდან ბოლომდე არასწორია, რა ფორმითაც დაანონსდა. თქვეს, რომ გამოყოფენ თანხებს და მისცემენ იმ ორგანიზაციებს, ვისაც თვითონ გადაწყვეტენ, ეკუთვნის თუ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაცია გახდება ის NGO, რომელიც ასეთ დაფინანსებაზე „დაჯდება“. მიდგომა რაც გამოცხადდა, არასწორია და არის სახელმწიფოსთან აფილირებული ორგანიზაციების „კვების“ პროგრამა, რომელზეც ჩვენ რაც არ უნდა იყოს, მაინც არ გავაკეთებთ განაცხადა“, - განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ფუნქციონირებას სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან".

bm.ge