საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბაზრის მონაწილეებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბაზრის მონაწილეებს მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული, ასევე, დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები გააცნო. კერძოდ, საზედამხედველო პრაქტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს  განვითარების, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის კვლევების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და დასახული გეგმები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გარდა ამისა, შეხვედრისას ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ინტერაქტიულ სტატისტიკას, რომელიც პირველად მომზადდა და დაინტერესებული მხარეებისთვის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც რეგულარულად განახლდება, მომავალში სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა სეგმენტებიც დაემატება.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ადგილობრივი სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის კვლევის წარდგენას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და კვლევების განყოფილების თანამშრომლებმა ბაზრის განვითარების ტენდენციები მიმოიხილეს.

აღსანიშნია, ბოლო პერიოდში სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობა გაზრდილია, რისი გათვალისწინებითაც ინტერაქტიული სტატისტიკის წარმოება და სხვადასხვა ტიპის კვლევების განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია.

მსგავსი შეხვედრები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს