„რა შუაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გურიაში გზის დაგებასთან?! - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ბოლო პერიოდის გახმაურებულ კორუფციულ სკანდალებს.
მისივე შეფასებით, ქვედა დონეზე კორუფციის პრობლემა ნაკლებადაა, სამაგიეროდ პრობლემაა ე.წ. „ელიტური კორუფცია“.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლა 2003 წლის შემდეგ დაიწყო, ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება. მიუხედავად ამისა, ქვედა დონეზე, შეიძლება ითქვას, რომ აღმოფხვრილია ეს პრობლემა, მაგალითად პატრული არ იღებს ფულს, როგორც ადრე გაი-ს თანამშრომელი აიღებდა. ასევე პასპორტის ან სხვა საბუთის გაკეთებისას ქრთამის მიცემა არ ხდება, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ასე ვერ ვიგებთ, პრობლემად რჩება ე.წ. „ელიტური კორუფცია“.
ყველა ტენდერი, რომელიც ცხადდება სახელმწიფოს მიერ და არის შედარებით დიდი თანხა, კონტროლდება სახელმწიფოს, სუს-ის მხრიდან. რა შუაშია სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური გურიაში გზის დაგებასთან?! რატომ უნდა წყვეტდეს ეს სამსახური ვინ დააგებს გზას გურიაში?! მიდის გარიგებები თანამდებობების პირებთან,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
მისი თქმით, ბოლოდროინდელი დაჭერებით უნდათ ჩვენება, თითქოს კორუფციას ებრძვიან, თუმცა ქვეყანაში შერჩევითი სამართლის მიდგომაა.
„ახლა ვიღაცები დაიჭირეს და ჩვენება უნდათ, თითქოს კორუფციას ებრძვიან. გვაქვს შერჩევითი სამართლის მიდგომა - კაცმა რომელიც ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო, უამრავი მილიონი მოიპარა და გვეუბნებიან, რომ აღიარების სანაცვლოდ 1 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ამ დროს, პირბადის ტარების გამო შეიძლება ციხეში ჩაგსვან.
საბოლოო ჯამში, ეს არის შავი ფული, პრობლემა ეკონომიკაში, ქვეყნის იმიჯის პრობლემა. ამიტომ, სანამ ეს ხელისუფლებაა, იმის იმედი, რომ სისტემური კორუფცია აღმოიფხვრება, არ მაქვს,“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით. კერძოდ, ივნისში სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი რომეო მიქაუტაძე დააკავეს. დაკავებულია ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი.
რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკა განხორციელდა. ამასთან, ყოფილ პრემიერს სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით, 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, დაკავებულია, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული ორი პირი.
გარდა ამისა, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავა.