,,ამ გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკი უძვირებს კომერციულ ბანკებს დოლარის/ევროს მოზიდვის და მერე ამ სახსრების სესხებად გაცემის პროცესს“, - ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი სებ-ის მიერ კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით ზრდას.

ცვლილებამდე, მოქმედი სარეზერვო მოთხოვნები ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე 5%-ს შეადგენდა, უცხოური ვალუტით მოზიდულზე კი 10%-20%-ს (დამოკიდებულია თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტზე) .

გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ სარეზერვო მოთხოვნის გაზრდის შედეგად, შესაძლოა, უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მცირედით გაიზარდოს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. ფინანსისტი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ეროვნულ ბანკს სურს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხები შემცირდეს, ლარში - გაიზარდოს, შედეგად კი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება შეაჩეროს.

„ამ გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკი უძვირებს კომერციულ ბანკებს დოლარის/ევროს მოზიდვის და მერე ამ სახსრების სესხებად გაცემის პროცესს. ამ ყველაფრის მოტივაცია შეიძლება იყოს ლარიზაციის მიდრეკილება, რომ შედეგად მსესხებლების მხრიდან შემცირდეს დოლარზე მოთხოვნა და გაიზარდოს ლარზე, რაც შეიძლება, ლარის შესაძლო გაუფასურების შესაჩერებლად კეთდებოდეს. ანუ, ლარიზაცია და ლარის ღირებულების დაჭერა შეიძლება იყოს ამის შედეგი.

რაც შეეხება კომერციული ბანკებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს, შეიძლება ამან გამოიწვიოს დოლარში/ევროში სესხებზე განაკვეთის მცირედი ცვლილება, მაგრამ არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული მოხდეს.

ვფიქრობ, მოტივაცია არის მხოლოდ ის, რომ ევრო და დოლარის სესხების მოცულობა შემცირდეს, ლარში გაიზარდოს. შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაზე დადებითი გავლენა მოახდინოს“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

წყარო: bpn.ge