„ჩვენი მიზანი ვინმეს დაჯარიმება არ არის“, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალება.

კერძოდ, თბილისის მუნიციპალური ინსპექციისგან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობა ნებადართული არ იქნება დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. დასაშვებ ფუნქციურ ზონებში კი (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეებმა და მეწარმე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

როგორც ჩიქოვანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, რეგულაციების ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, რისი მიზეზიც ბიზნეს სუბიექტებისთვის მოსამზადებელი პერიოდის მიცემა იყო. თუმცა ამის მიუხედავად იმის მოლოდინი, რომ მეწარმეები ცვლილებებს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან, ინსპექციას არ აქვს.

„აღნიშნული წესის შემუშავებაზე მოთხოვნა იყო საზოგადოების მხრიდან. საზოგადოების დაკვეთა იყო, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო. მნიშვნელოვნად შემაწუხებელი და პრობლემურია, როცა საცხოვრებელ ზონაში განთავსებულია ღია წესით ამტვერებადი მასალები. ეს ძალიან ცუდ გავლენას ახდენს გარემოზე და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ანალოგიური ეხება შავი და ფერადი ლითონების ჯართსაც, რაც გარდა გარემოს დაბინძურებისა, გარკვეული ტიპის უსაფრთხოების პრობლემებსაც ქმნიდა.

ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ ავტოსერვისის მიმართულებაზე. ხშირ შემთხვევაში სრულიად მოუწესრიგებლად ეწეოდნენ თავიანთ საქმიანობას. მიმდებარე ქუჩებსა და ტროტუარებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ ნავთობპროდუქტებითა და იმ მასალებით, რასაც იყენებდნენ ამ პროცესში. ეს, რა თქმა უნდა, შემაწუხებელი იყო საზოგადოებისთვის. რატომ შეიქმნა მსგავსი რეგულაცია?! იმიტომ, რომ საცხოვრებელ გარემოში დაუშვებელია მსგავსი ტიპის საქმიანობა.

მნიშვნელოვანია ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების საკითხი. ბევრი ფაქტი გვახსოვს თუნდაც ხანძრებთან დაკავშირებული ბაზრობებთან მიმართებაში, რამაც ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა. გარდა ამისა, ძალიან მაღალი რისკები შექმნა ქალაქის ურბანულ დასახლებაში უსაფრთხოების კუთხით.

ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა. ეს რეგულაცია ამბობს, რომ მოწესრიგებული ფორმით, შესაბამის დასაშვებ არეალებში უნდა განხორციელდეს აღნიშნული ტიპის საქმიანობები. დაუშვებელია, იმ ტიპის საქმიანობა, რომელიც სამრეწველო ან საზოგადოებრივი საქმიანობის ზონას ეხება, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ხორციელდებოდეს.

რაღაც კუთხით გათვალისწინებული იქნა მეწარმე სუბიექტის ინტერესიც. ვინაიდან, თქვენ გახსოვთ, რომ რამდენჯერმე გადაიდო რეგულაციის ამოქმედება. ამ გადადების მიზანი იყო, მომზადებულები შეხვედროდნენ ცვლილებებს. ყველა ალბათ ვერ შეძლებს მომზადებული შეხვდეს იმიტომ, რომ ცალკეულ არეალებში საერთოდ შეზღუდულია აღნიშნული საქმიანობა. აქ საუბარი არ არის ვინმეს სამუდამო შეზღუდვაზე. აქ საუბარია იმაზე, რომ ნაწილობრივ პროფილის შეცვლა მოუწევთ იმ კონკრეტულ არეალში, სადაც შეზღუდვა იქნება. ხოლო იმ ადგილებში, სადაც მსგავსი საქმიანობა დასაშვებია, გარკვეული ტიპის რეგულაციების დაკმაყოფილება იქნება საჭირო.

ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში ითქვა, რომ ბოლო 1 წელი იქნებოდა მოსამზადებელი პერიოდი. დაანონსდა, აღვწერეთ მეწარმე სუბიექტები, ინვენტარიზაცია გავაკეთეთ ქალაქში. თითოეულ მათგანთან გვქონდა პირდაპირი ტიპის და წერილობითი კომუნიკაციები. ასევე გვქონდა შეხვედრები მსხვილი არეალების მეპატრონეებთან, რომ დასაშვებ ზონებში მომხდარიყო მოწესრიგება. ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე. არც ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა 100%-ით შეასრულებს ამ ვალდებულებას და რა თქმა უნდა, შესაძლებელია ფინანსური სანქციების განხორციელებაც მოგვიწიოს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანი ვინმეს დაჯარიმება არ არის. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ვემუშაოთ ამ ადამიანებს, რომ პროგრესი დაიწყოს აღნიშნული საკითხების მოწესრიგების კუთხით“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

წყარო: bpn.ge