ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი - ნათქვამია Galt&Taggart -ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
2025 წლის მარტში წლიური ინფლაცია 3.5%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 2.4%-ის შემდეგ. მარტში ინფლაციის ზრდა ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 4.0%-იანმა ზრდამ (+3.0% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 5.7%-იანი ზრდა (+3.1% წ/წ წინა თვეში). ამასთან, მარტში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის ტემპი, მცირედით, 0.2%-მდე შენელდა, წინა თვეში არსებული 0.5%-დან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2025 წლის მარტში წლიურად 2.4%-ით გაიზარდა (+2.0% წ/წ წინა თვეში).
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის მარტში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+6.6% წ/წ, +2.20პპ), ჯანდაცვა (+8.8% წ/წ, +0.74პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.2%, +0.28პპ), განათლება (+4.9% წ/წ, +0.25პპ), სასტუმროები და რესტორნები (+6.6%, +0.22პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.1% წ/წ, -0.12პპ) და კავშირგაბმულობა (-12.4% წ/წ, -0.46პპ).
ამასთან, თვიურ ჭრილში 2025 წლის მარტში 1.1%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელიც ძირითადად სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (+2.8% თ/თ, +0.93პპ) და ჯანდაცვის (+1.7% წ/წ, +0.15პპ) ჯგუფებში ფასების ზრდამ განაპირობა.