„მოკლე აპდეითები ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებზე: დაქირავებულების საშუალო ნომინალური ხელფასი
როგორც ჩანს, ხელფასების ზრდის პიკი იყო 2023 წელს, როდესაც მეორე კვარტალში, თითქმის 0%-იანი ინფლაციის პირობებში, საშუალო ხელფასი 17%-ით გაიზარდა (იხილეთ სურათი).
წელს, მეორე კვარტალში, მზარდი ინფლაციის პარალელურად, საშუალო ნომინალური ხელფასი მხოლოდ 10%-ით არის გაზრდილი (მეორე კვარტლებში ნომინალური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში).
ხოლო, ინფლაციის გათვალისწინებით, მეორე კვარტალში რეალური ხელფასების ზრდის ტემპი დაახლოებით 5,5%-ს შეადგენს და იგი 2021 წლის ზრდის ტემპს დაუბრუნდა“- ამის შესახებ ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გოგა ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
„რაც შეეხება წლევანდელი წლის პროგნოზს, ჩემი აზრით, მზარდი ინფლაციის პირობებში, ხელფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდება და სავარაუდოდ, წინა წელთან შედარებით, რეალური ხელფასების ზრდის ტემპი, მინიმუმ განახევრდება და დაახლოებით 3,5%-მდე ჩამოვა.
შესაბამისად, თუ ასე მოხდა, შეიძლება ვთქვათ, რომ რეალური საშუალო ხელფასები საქართველოში წელს მინიმალურად თუ გაიზრდება.
პ.ს. ამ მოკლე ანალიზში არ არის გათვალისწინებული, რომ:
1) აქ გვაქვს საშუალო ხელფასები მონაცემები და არა მედიანურის, რომელიც, დაახლოებით 1/3-ით უფრო დაბალია საქართველოში და რომელიც ბევრად უკეთესად ასახავს საშუალო სტატისტიკური დასაქმებულის შემოსავალს საქართველოში;
2) იმის გათვალისწინებით, რომ წელს სურსათზე ფასები დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი სურსათზე მოდის, ხელფასების ასეთი ტემპით ზრდის პირობებში, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის რეალური მყიდველუნარიანობი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებად (თუ საერთოდ) იქნება გაზრდილი“ – წერს გოგა ხიშტოვანი.