2025 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 21.107 მლნ ლარი შევიდა, რაც თითქმის 74%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2024 წლის 2 თვეში ბიუჯეტში ამ მუხლებიდან 12.138 მლნ ლარის აკუმულირება მოხდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე).

რაც შეეხება კონკრეტულად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, ბიუჯეტში 2025 წლის 2 თვეში 2.258 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2.241 მლნ ლარი. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით წელს ბიუჯეტში 15.560 მლნ ლარის აკუმულირება მოხდა, 2024-ში 7.475 მლნ ლარის.

2025 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში შესული 2.258 მლნ ლარიდან თანხები პუნქტების მიხედვით ასე ნაწილდება:
სათამაშო აპარატებიდან - 920 133 ლარი (2024 წელს - 710 473 ლარი)
წამახალისებელი გათამაშებიდან - 307 414 ლარი (734 798 ლარი)
სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 1 030 833 ლარი (2024 წელს - 976 290 ლარი)

ამასთან, წელს ბიუჯეტში კლუბის მაგიდიდან შევიდა 28 624 ლარი (2024 წელს - 134 770 ლარი) სამორინეს მაგიდიდან - 960 130 ლარი (2024 წელს - 837 950 ლარი) სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა კი 42 078 ლარი (2024 წელს - 3 561 ლარი) შეადგინა.

ზოგადად, აზარტული თამაშობები ეს ის ბიზნესია, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. იზრდება როგორც მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხა, ასევე ამ ბიზნესის ბრუნვა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2023 წელს (2024 წლის მონაცემები მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება) სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 52.647 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 31.2% იყო. ცნობისათვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა.

წყარო: www.bpn.ge