საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბიუჯეტის დაფინანსება თითქმის 11-ჯერ შემცირდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ბიუჯეტში შემოსავალმა გრანტების სახით 6.028 მლნ ლარი შეადგინა, რაც 60.4 მლნ ლარზე ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2024 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 66.471 მლნ ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძირითადად მიმდინარე დანიშნულების გრანტების მოცულობა შეამცირეს, კაპიტალური დანიშნულების გრანტები კი, გაზარდეს. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარში კაპიტალური დანიშნულების გრანტები შეადგენდა 34.203 ათას ლარს, 2025 წლის იანვარში კი 425.179 ათას ლარს. მიმდინარე დანიშნულების გრანტების მოცულობა კი 66.437 მლნ ლარიდან 5.603 მლნ ლარამდე შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2025 წლის იანვარში ხაზინას უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან გრანტები საერთოდ არ მიუღია, 2024 წლის იანვარში კი 112.692 ათასი ლარი შევიდა.

რაც შეეხება მთლიანად გრანტების მოცულობას, 2025 წლის იანვარში ბიუჯეტმა გრანტებიდან 71.466 მლნ-ს შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 119.814 მლნ ლარის.

ხაზინის მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შემცირებული გრანტების “შევსება“ სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე მოხდა. უფრო დეტალურად, შარშან სხვა დონის სახელმწიფო გრანტებით ბიუჯეტში 53.229 მლნ ლარი შევიდა, წელს იანვარში კი 65.437 მლნ ლარი.

bpn.ge