2023 წელს ბიტკოინისადმი მეგობრული ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-8 ადგილზეა. რეიტინგს პორტალი 99bitcoins-ი აქვეყნებს.

ბიტკოინის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ ფიატ ფულისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია ლოკალიზაცია (მაგ.: დოლარი = აშშ, ევრო = ევროკავშირი და ა.შ.). ამის წყალობით შეგიძლიათ გაგზავნოთ და მიიღოთ ბიტკოინი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუ  ინტერნეტთან კავშირი გაქვთ.

მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისთვის ბიტკოინის რევოლუციური დეცენტრალიზებული მიდგომა საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი ქვეყნები ამ „საფრთხისგან“ თავს ანტიკრიპტო კანონმდებლობით და ბანკებისა და ბიზნესების მიმართ მკაცრი პოლიტიკით იცავენ.

თუ თქვენ ეძებთ ადგილს ბიტკოინის ბიზნესის დასაწყებად, 99bitcoins-ი ბიტკოინისადმი მეგობრული ქვეყნების რეიტინგს გვთავაზობს, სადაც 12 ქვეყანას შორის, საქართველო მე-8 ადგილზეა.

ბიტკოინისადმი ლოიალობით მალტა, ბერმუდა და შვეიცარია ლიდერობენ. ქვეყნების 12-ეული ასე გამოიყურება:

1. მალტა

2. ბერმუდა

3. შვეიცარია

4. გიბრალტარი

5. სლოვენია

6. სინგაპური

7. ესტონეთი

8. საქართველო

9. ბელარუსი

10. ჰონგ კონგი

11. იაპონია

12. გერმანია

საქართველოზე პორტალი წერს, რომ „საქართველო (არ უნდა აგვერიოს აშშ-ს შტატთან) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ის არ არის ევროზონის წევრი და იყენებს ქართულ ლარს.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველომ 2015 წელს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დააარსა.

ეკონომიკური რეფორმებისა და მოდერნიზაციის წყალობით, პოსტსაბჭოთა საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია აღმოსავლეთ ევროპაში. 2017 წელს საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზე იყო ბიზნესის კეთების სიმარტივით და მე-13-ზე ეკონომიკური თავისუფლებით. თუმცა, 2016 წელს საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორის ცუდად შეფასდა IT სექტორის განვითარების თვალსაზრისით (ეს ხარვეზი სტაბილურად უმჯობესდება). საქართველოს აქვს მე-2 ყველაზე მაღალი ბიტკოინის მაინინგ ჰეშრეიტი მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ“, - წერს პორტალი.

პლატფორმა Triple-A-ის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში კრიპტოვალუტას 115 000-მდე ადამიანი ფლობს, რაც მოსახლეობის 2.89%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ქვეყანა 139 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა. რეგიონში საქართველო აზერბაიჯანსა (124-ე) და სომხეთს (104-ე) უსწრებს და ჩამორჩება - თურქეთსა (28-ე) და რუსეთს (მე-2). სიაში პირველი ადგილი უკრაინას უკავია.