Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ ნიშნულზეა.

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში ივანიშვილი 401-ე ადგილს იკავებს. ამჟამად მისი ქონება 7.63 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც ამავე ინფორმაციის თანახმად, რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბიზნესმენების უდიდესი ნაწილის ქონება მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

მაგალითისთვის, თუ 5 ნოემბერს, არჩევნების დღეს, ბიძინა ივანიშვილის ქონება 7.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, არჩევნებიდან 5 დღეში კი მისი ქონება 230 მილიონი დოლარით გაიზარდა და 7.63 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება 63.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. The Guardian-ი წერს, რომ ინვესტორები დაბალ საგადასახადო ტარიფებსა და რეგულირების შემსუბუქებას მოელიან, რამაც გამოიწვია აშშ-ის აქციებისა და შესაბამისად, უმდიდრესი ადამიანების ქონების გაზრდაც.

ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერების რეიტინგს ისევ გამოეთიშა.

ცნობისთვის, 49 წლის ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერების სიას 2024 წლის 21 სექტემბერსაც გამოეთიშა. აღნიშნული დაკავშირებული იყო მისი კომპანიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რასაც ბაზარზე აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.

საუბარია Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფინტექს „ამერიკელი ინვესტორები და მარეგულირებლები სისტემურად შეჰყავდა შეცდომაში“.

ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Culper Research-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „არაზუსტი“ და მიზნად ისახავს „ინვესტორების დაბნევას“.

Culper Research-ის კვლევის გავრცელების შემდეგ, 19 სექტემბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლომთაძის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით დაეცა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით კი 22 სექტემბერს მისი ქონება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზე იყო, Bloomberg-ის რეიტინგში კი ვეღარ ხვდებოდა.

აღნიშნულის შემდეგ ლომთაძე 7 ნოემბერს კვლავ დაბრუნდა რეიტინგში, თუმცა 10 ნოემბრის მდგომარეობით, ქართველი ბიზნესმენი Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერების რეიტინგში აღარ იძებნება.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერების სიას, ამ შემთხვევაში მიხეილ ლომთაძე 574-ე ადგილს იკავებს. ამჟამად მისი ქონება Forbes-ს 5.8 მილიარდ ამერიკულ დოლარად აქვს შეფასებული.

ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“.

წყარო: BPN.GE