2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 421 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 38.9 მილიონი ლარით, ანუ 10%-ით არის გაზრდილი.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში რეალიზებული თითოეული ლიტრი საწვავი 38 თეთრის სააქციზო განაკვეთით იბეგრება, შესაბამისად, თუკი 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი ამჟამად 3.15 ლარი ღირს, მასში აქციზზე 38 თეთრი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) 57 თეთრი მოდის, შესაბამისად ამ ორი გადასახადის წილი საბოლოო ფასში 95 თეთრს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლები საწვავის სახეობების მიხედვით ასე ნაწილდება:

ბენზინი - 220 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 11%;

დიზელი - 174 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 10%;

სხვა ნავთობპროდუქტები - 27 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 1%.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 880 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია.

bm.ge