2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონ 544 ათას 900 ლარი შევიდა. რაც გეგმის 101.5 პროცენტია.
გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონ 227 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 194 600 ლარი.
კლუბების და სამორინეს მაგიდიდან კი ბიუჯეტში 19 მილიონ 122 ათას 800 ლარი შევიდა.
ასე თუ გაგრძელდა, მერიამ შეიძლება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ამოღების ნაწილში 2025 წლის გეგმას გადააჭარბოს კიდეც, რაც 68 მილიონი ლარია.
ასეთი მაღალი ციფრი საპროგნოზო მაჩვენებლებში 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მერიას შემთხვევით არ ჩაუწერია, პირიქით, შეიძლება ითქვას, თავი დაიზღვია კიდეც, რადგან გასულ, 2024 წელს 2 მილიონით მეტი, 70 მილიონი ლარი ამოიღეს.
ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.