რუსული kommersant.ru ТАСС-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დააწესა და მათ კლიენტებს 300 დოლარზე, ევროზე ან ფუნტ სტერლინგზე ძვირად ღირებული ნივთების შეძენა შეუზღუდა. გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება ბანკის ვალდებულებას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო სანქციების შესრულებას ითვალისწინებს.
,,ბანკის პრესსამსახურში ТАСС-ს აცნობეს, რომ ბანკი ითვალისწინებდა და ითვალისწინებს აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების მოთხოვნებს.’’- წერს kommersant.ru.
ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს ბანკის პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც წერილობით გვიპასუხეს, რომ ,,საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს.” ბანკში ამ ეტაპზე მეტ განმარტებას და კომენტარს არ აკეთებენ.
მანამდე РБК-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბანკის კლიენტები არიან, დააწესა შეზღუდვები ნივთების შეძენაზე, თუ მათი ღირებულება აღემატება 300 აშშ დოლარს, 300 ევროს ან 300 ფუნტ სტერლინგს (გადახდის ვალუტის შესაბამისად).
საკითხზე ,,კომერსანტმა" კომენტარი ეროვნულ ბანკს სთხოვა. ბანკში განაცხადეს, რომ სანქციებთან დაკავშირებით, სებ-ის მიერ არ გამოცემულა ახალი რეგულაცია.
,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის №208/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის“ თანახმად, ბანკები ვალდებულები არიან დაიცვან როგორც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, ისე, ქართული კანონმდებლობაც.
როგორც მოგეხსენებათ ქართული ბანკები განუხრელად იცავენ და მოქმედებენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით."- აცხადებენ სებ-ში.