დღევანდელი მონაცემებით, ბანკებში 11,3 მილიარდი ლარის დეპოზიტებია განთავსებული, საიდანაც 10,3 მილიარდი ფიზიკური პირების, ხოლო 1 მილიარდი იურიდიული პირების ეკუთვნის,- ამის შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან თოდუამ "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, 2025 წელს მთლიანი საბანკო სექტორიდან სადაზღვევო ფონდში ჯამში, 75-76 მილიონი ლარი შემოვა.
,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გაფართოვდება და 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 30-იდან 50 ათას ლარამდე გაიზრდება. ეს არის ზღვრის გაზრდის მესამე შემთხვევა. თავდაპირველად სისტემა ფარავდა დეპოზიტს 5000 ლარის ფარგლებში. 2020 წლიდან ლიმიტი 15 000-მდე, 2024 წლიდან კი 30 000-მდე გაიზარდა.
დადგენილი სტანდარტი არ არსებობს, თუმცა, ზოგადად, კარგია, 20%-ზე მეტი თუ არის დაზღვეული. ახლა გვაქვს სადღაც 18-19%, 2026 წლის ბოლოს კი 20%-ს გადავცდებით.
ბანკებში დღეს 11,3 მილიარდის დეპოზიტია განთავსებული. აქედან 10.3 ფიზიკური პირების არის, 1 მილიარდია მხოლოდ იურიდიული პირების.
ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ვახდენთ ინვესტირებას, ეს უსაფრთხო არის. ჯერჯერობით ჩვენი ფონდი არ არის იმხელა, რომ სახაზინო ვალდებულებების ბაზარი არ ეყოს ჩვენს ინვესტიციას"- აღნიშნა ლევან თოდუამ.