კაპიტალის ბაზრის სპეციალისტის მარინა გულედანის თქმით, ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ბანკების პორტფელების ხარისხზე მოქმედებს. ის არ გამორიცხავს, ბანკებს სესხების რესტრუქტურიზაცია მოუწიოთ. სპეციალისტმა ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, სადაც არსებული პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური ეფექტები შეაფასა.

მარინა გულედანის განმარტებით, გაურკვევლობა აბსოლუტურად ყველაფერს გადაეცემა და მათ შორის მოქმედებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე.

“როდესაც ყველა მხრიდან ალყაში ხარ, გარედანაც შოკი მოდის, შიგნითაც შოკი გაქვს, თან გინდა, რომ ინფლაცია მაღალი არ იყოს, თან განაკვეთები უნდა არეგულირო, სტიმულირება გააკეთო ბიზნესის, რადგან ყველას პრობლემა აქვს, ეს ბანკების კაპიტალის ადეკვატურობას დაარტყამს იმიტომ, რომ პორტფელები გაფუჭდება და უკვე ფუჭდება. იმდენი სამიზნე პარამეტრია მოსაწესრიგებელი, რომ ესაა პრაქტიკულად აფეთქებაა ეკონომიკაში”,- ამბობს გულედანი.

მისივე თქმით, ბანკებს არა მარტო საკრედიტო ხარისხის რისკის, არამედ ბაზრის რისკის და ყველა პოლიტიკური თუ სხვა რისკის მართვა მოუწევთ.

“ერთ-ერთი, რაც ჟღერდება ხოლმე არის, რომ გადაგვივადეთ სესხები. იმიტომ, რომ ყოვლისმომცველია ეს პრობლემატიკა, რომელიც შეიქმნა და რომელიც მხოლოდ გაღრმავდება. ყველას ესმის, რომ ქვეყანაში, სადაც სესხების აღების დონე მაღალია, მოქალაქეები და ბიზნესები დამოკიდებულნი არიან თავიანთ საკრედიტო ხარისხზე, რომელიც არ უნდა გაუფუჭდეთ, რომ სესხი აიღონ და თავისი საჭიროებები დააფინანსონ. ერთ-ერთი, რასაც ბანკებისგან ელიან არის, რესტრუქტურიზება სესხების, რომ სული მოითქვან, რადგან უკვე გრძნობენ თავის თავზე ეკონომიკის წნეხს, განსაკუთრებით ტურიზმის ბიზნესები, რესტორნები და ა.შ. და ელიან, რომ ბანკები ამას გააკეთებენ. ბანკებს პრაქტიკაში შეიძლება ისედაც მოუწიოთ ამის გაკეთება, რადგან ის რაც ეკონომიკაში ხდება, აბსოლუტურად აისახება ბანკების პორტფელებზე და პორტფელების ხარისხზე. ეს ხარისხი კი შემდეგ გულისხმობს მათი სარეზერვო და კაპიტალური ადეკვატურობის მოთხოვნების გადასინჯვას უარესობისკენ, ანუ ნაკლები ლიკვიდურობა ექნება, რომ დაცული იყოს და ბუფერის როლი ითამაშოს.

ერთი მხრივ, პორტფელები გაუარესდება და ეს იქნება წნეხი ბანკებზე. სებ-მა და ბანკებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიუდგნენ ამას, რომ ნაკლებად იზარალონ. მეორე მხრივ, ბანკები მგრძნობიარე არიან ყველა რისკის მიმართ, რომელიც ეკონომიკაშია”,- აცხადებს მარინა გულედანი.

bm.ge