„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე დაკისრებული ფინანსური სანქციები საინვესტიციო გარემოს საფრთხეს შეუქმნის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სანქცირებული პირები აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები არიან.
გიორგი კეპულაძემ ,,კომერსანტის დილასთან“ იმ პოტენციურ რისკებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც საბანკო სექტორი დადგება, თუ საჭიროების შემთხვევაში, სანქციებს არ აღასრულებს. მისი თქმით, სანქციების არშესრულება ეკონომიკურ რყევებსა და სექტორის ჩამოშლას გამოიწვევს. ამასთან, „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, ფიქრობს, რომ სანქცირებული პირები ,,ქართული ოცნებისთვის“ უფრო ნაკლებად „წონიანები“ არიან, ვიდრე ოთარ ფარცხალაძე, ამიტომაც საგამონაკლისო ბრძანებას არ უნდა ველოდოთ.
,,პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის რომ მას ჰყავს, სანქცირებული პირები და ეს სანქცირებული პირები ამავდროულად არიან აღმასრულებელი პირები - საკმაოდ დიდი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს ადამიანები სახელდებოდნენ მოსალოდნელ სანქცირებულ პირთა შორის და ისინი აშშ-ის ხაზინის ყველაზე მკაცრი სასანქციო პაკეტით დასანქირდნენ, რასაც ჰქვია ,,მაგნიტსკის აქტი“. ეს ყველაფერი ქვეყნის მიმართ ინვესტორების დამოკიდებულებას, სამწუხაროდ შეცვლის, რადგან არავის არ უნდა ისეთ ქვეყანაში ინვესტიცია, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან სანქცირებულები, სადაც შეიმჩნევა ადამიანის უფლებების დარღვევა და ა.შ.
ახლა უკვე მნიშვნელოვანია ამ სანქციების აღსრულება. ამ სანქციების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებს ამერიკის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი, რომელსაც იმიტომ ჰქვია საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი, რომ არა მხოლოდ ამერიკაში განთავსებულ აქტივებს და დოლარში განთავსებულ აქტივებს, არამედ საზღვარგარეთ ამ სანქცირებული პირების ფინანსურ აქტივობასაც დააკვირდება და შესაძლებლობის მიხედვით დაბლოკავს. ასევე, ის კომერციული ბანკები, რომლებიც არიან საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ვალდებულნი არიან შეასრულონ ეს ვალდებულებები.
პირველი განცხადება საბანკო ასოციაციისგან რაც მოვისმინეთ, ეს ყველა ბანკის პოზიციას გამოხატავს, ,,ბაზის ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადება იყო, თუ არ ვცდები, რომ ეს პირები რჩებიან სანქციების რეჟიმში და არ აპირებენ მის დარღვევას, თუმცა კონკრეტულად რა შეეზღუდებათ ამ პირებს ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან ეს მაინც უკვე გადის პირად საბანკო ურთიერთობებზე, რომლის დარღვევის უფლებაც ბანკებს არ აქვთ. დიდი ალბათობით, გარკვეული დროის განმავლობაში დაეხურებათ ანგარიშები, ბანკები აღარ მოემსახურებიან და მოექცევიან ისე, როგორც სხვა ქვეყნის სანქცირებულ პირებს“,- ამბობს კეპულაძე.
მისი თქმით, აპრილში, როცა ნათია თურნავამ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამონალისი დაუშვა, ამას საერთაშორისო ბაზარზე ქართული კომპანიების ინვესტიციების მყისიერი ვარდნა მოჰყვა. ახლა კი თუ ეჭვი გაჩნდა, რომ რომელიმე ბანკი ,,მაგნიტსკის აქტს“ გვერდს უვლის და სანქცირებულ პირებს ემსახურება, ამ ბანკის დასანქცირებასაც უნდა ველოდოთ.
,,რაც შეეხება ეროვნული ბანკის ნაბიჯს, შარშანაც, როცა ნათია თურნავამ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა, ამას მოჰყვა რყევები ეკონომიკაში და ინვესტიციების შეფერხება. შემდეგ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა. ეროვნულმა ბანკმა ძალიან კარგად იცის, რომ ბანკებს არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციებს.რა ბრძანებაც არ უნდა გამოსცეს ნათია თურნავამ, ბანკების სასწორს რომ შევხედოთ - ერთ მხარეს არის ეროვნული ბანკის ბრძანების დარღვევა, მეორე მხარეს კი მილიარდობით ზარალი და ზოგადად საბანკო სისტემის ჩამოშლა. თუ ერთი ქართული ბანკის მიმართაც გაჩნდება ეჭვი, რომ ის არღვევს საერთაშორისო სანქციებს, ის უკვე შესაძლებელია გახდეს სანქციების მსხვერპლი, იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას გაუწევს სანქცირებულ პირს.
როცა ყველანაირი მონაცემები აქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სანქცირებული პირების შესახებ, ამას განსაკუთრებით დააკვირდებიან და ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც მათ დახმარებას გაუწევს, მოემსახურება და დაარღვევს სასანქციო რეჟიმს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს.
წარმოიდგინეთ, ქართული ბანკები, რომლებიც ივაჭრებენ ლონდონის ბირჟაზე, ან აქვთ საერთაშორისო გადარიცხვები, მოზიდული აქვთ სხვადასხვა საერთაშორისო ბანკებისგან დაფინანსება, მას რომ წარმოექმნას პრობლემა და მოსახლეობაში გაჩნდეს განცდა, რომ აი, ეს ბანკები შეიძლება დასანქცირდნენ. მე არც მინდა ვიფიქრო, ამ სცენარზე - ამ მხრივ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არ ვუშვებ იმას, რომ ბანკები დაარღვევენ საერთაშორისო რეჟიმს.
როგორც ჩანს, ფარცხალაძეს გაცილებით მაღალი წონა ჰქონდა ,,ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე განსაკუთრებულ დავალებათა უფროსსა და მის მოადგილეს. არ არის გამორიცხული ისინი შეცვალონ კიდეც და სხვა ადამიანები მოიყვანონ მათ ადგილას, თუმცა პოლიტიკურადაც ეს არის სიგნალი, რომ თუ თქვენ დაარღვევთ ადამიანის უფლებებს, შესაძლებელია, ხვალ თქვენც აღმოჩნდეთ ამ სანქცირებულთა სიაში, რაც არის პრევენციული ნაბიჯი, რათა არ მოხდეს ადამიანის უფლებათა ის საშინელი დარღვევა, რაც ხდებოდა გაზაფხულზე.
„ქართული ოცნება“ და ეროვნული ბანკი, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად სინქრონულად მოქმედებენ, არ შეეცდებიან ამ სანქციების დარღვევას და ახალი ბრძანების გამოცემას, თუ ასე მოხდა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა.
მეორე მხარეს ძალიან ბევრი რამ დევს საპირწონედ, შესაბამისად, ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი კომერციულ ბანკებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი შეასრულებენ სანქციების პირობებს და არ მომსახურებიან სანქცირებულ პირებს. გაზაფხულზე, როცა სანქციების შესახებ ინფორმაცია უბრალოდ გაჟღერდა, მაშინაც კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამას მოჰყვა ქართული კომპანიების აქტივების შემცირება და წარმოიდგინეთ, ახლა რა მოჰყვება.
ეს ყველა რისკი კარგად უნდა ჰქონდეს აწონ-დაწოლილი ხელისუფლებასაც, ეროვნულ ბანკსაც, კომერციულ ბანკებსაც და შესაბამისად მოიქცნენ“,- აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.