კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 459.03 მილიონი ლარით (0.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.28%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.93% შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 36.05 მლნ ლარით (0.10%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით (1.57%-ით) გაიზარდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.77%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.58 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.34%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.15 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.46%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.10 %-ით მეტი). 

2025 წლის იანვრის განმავლობაში 0.66%-ით, ანუ 208.38 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 31.94 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.32% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.358 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით).