არჩევნებამდე ბოლო დღეების ათვლა უკვე დაწყებულია. ექსპორტიორები ამბობენ, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებამ და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა. როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციაშია აღნიშნავენ, ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ.

ეკონომისტი ირაკლი მურცხვალაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კომერციული ბანკები კრედიტების გაცემისგან თავს იკავებენ. მისივე თქმით, ჭარბი სავალუტო ნაკადების გამოსყიდვის შემდეგ ეროვნულ ბანკს ლარის დასტაბილურება არჩევნების პერიოდში შეუძლია, თუმცა სამომავლო პროცესები სწორედ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

„ეკონომიკაზე არჩევნებს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი გავლენა აქვს. მოკლევადიანი, წინასაარჩევნო ეფექტი უარყოფითია, რადგან ბიზნესს არასტაბილური გარემო არ უყვარს.

ბიზნესმენების ნაწილი არ იწყებენ ახალ პროექტებს, განსაკუთრებით ისეთ კრიტიკულ მომენტში, როგორიც საქართველოში ახლაა. კომერციული ბანკებიც თავს იკავებენ მსხვილი კრედიტების გაცემისა და ახალი პროექტების დაფინანსებისგან.

ეროვნული ბანკი, დიდი ალბათობით, არჩევნებამდე შეძლებს კურსის დაჭერას. ეროვნული ვალუტა საკმაოდ მგრძნობიარე თემაა და პანიკა რომ არ შეიქმნას, არ მგონია ფულის დახარჯვაზე ეროვნულმა ბანკმა უკან დაიხიოს.

აქამდე ზაფხულისა და გაზაფხულის პერიოდში ჭარბი სავალუტო ნაკადები შემოდიოდა ქვეყანაში, ძირითადად რუსეთიდან, მათი გამოსყიდვით ეროვნულმა ბანკმა დიდი სავალუტო რეზერვები დააგროვა, რაც საშუალებას აძლევს არჩევნების პერიოდში ლარის სტაბილურობა შეინარჩუნოს.

დადებით მხარეს რაც შეეხება, ეს შეიძლება იყოს საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მოლოდინი“,- აღნიშნა „კომერსანტის დილაში“ საუბრისას ირაკლი მურცხვალაძემ.

ეკონომისტის შეფასებით, ფონის მეტად დამძიმების მცდელობა მიუღებელია, თუმცა ინვესტიციების შემცირება და ბიზნესის უკუსვლა ფაქტია, რაც როგორც წესი, საარჩევნო პერიოდს ახასიათებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში.

„რასაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამბობს, ცოტა რთული განსახორციელებელია. დანარჩენი უკვე პოლიტიკური ნება არის, ყველაფრის განხორციელება არის შესაძლებელი თუ ამის ნება იქნება.

გარკვეულმა ელიტამ, რომელიც უკვე კარგ მდგომარეობაშია, უნდა თქვას, ჩემს პრივილეგიებს ვთმობ, რათა სხვამაც შეძლოს განვითარება.

წინასაარჩევნოდ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ საარჩევნო პროგნოზებში, ადამიანები ისედაც ნერვიულობენ და ფონის გამძაფრება საჭირო არ არის.

ეკონომიკაში სამომავლოდ დიდი მოლოდინები არ არის. არსებული ინფორმაციით, ინვესტიციები შემცირებულია, შარშანდელთან შედარებით და კიდევ უფრო შემცირებულია, ვიდრე შარშანწინ.

არჩევნების შედეგებზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით“,- აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.