აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 68,198,000 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) საბიუჯეტო სესხი საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად.

როგორც ფინანსური ინსტიტუტის პრესსამსახურიდან "კომერსანტს" აცნობეს, დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის — მეორე ქვეპროგრამაა.

"2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა. ეს განპირობებული იყო პროფესიული სწავლების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცედურის დახვეწით, ზრდასრულთა განათლების სარეგულაციო ჩარჩოს მიღებითა და პროფესიული განათლების კერძო მომწოდებლებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სავაუჩერო პროგრამის შექმნით. გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ხელფასები,  განვითარდა “პროფესიული ჰაბების” კონცეფცია და პროფესიული განათლების სისტემაში ჩაეშვა საჯარო-კერძო თანამშრომლობის საპილოტე პროგრამები," - წერია საერთასორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ქვეპროგრამა 2 ხელს შეუწყობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, გაზრდის წვდომას პროფესიულ სწავლებაზე და ჩართავს კერძო სექტორს პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო გეგმის რელევანტურობის გაუმჯობესებაში.

“მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იმედისმომცემ შედეგებს ვხედავთ, რადგან გაიზარდა მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე და ისტორიულად დაბალია უმუშევრობის დონე. ADB მზადაა განაგრძოს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა,” - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

მისივე თქმით, ეს ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.

“პროფესიული პროგრამების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებით მიზნად ვისახავთ გავზარდოთ ახალგაზრდებისა და ზრდასრულების დასაქმების დონე და ასევე ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას უკეთესი უნარებით აღჭურვილი ადამიანური რესურსის განვითარებით,” - ამბობს ჟუკოვი.

ქვეპროგრამა 2-ის დაფინანსება ADB-ის ადგილობრივ ვალუტაში გაცემული პირველი სუვერენული სესხია. პროგრამა თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში აღებული სახელმწიფო ვალის წილი. ეს გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 69 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.