„დღის ბოლოსკენ ქართული აქციების ფასები ზრდაზეც კი იყო ორიენტირებული, ამიტომ არასწორი იქნება „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მოსმენით მიღებასა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული აქციების ფასების კლებასთან რაიმე პარალელზე ვისაუბრო“, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საბანკო სისტემა სტაბილურია და იმედს იტოვებს, რომ „რამდენიმე დღეში აღარ გაჩნდება კითხვები ამასთან დაკავშირებით“.

ჩვენს კითხვაზე - ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების გაუფასურდა შეიძლება თუ არა კავშირში იყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მოსმენით მიღებასთან, ალექსანდრე ძნელაძემ გვიპასუხა:

„ასეთ პარალელებს მე ვერ გავაკეთებ, რადგან აქციების ცვლილება შეიძლება რეაგირებდეს უამრავ მონაცემზე. ჩემი მხრიდან, ასე პირდაპირ რომ დავუკავშიროთ ისინი ერთმანეთს, ძალიან არასწორი იქნება. რამდენიმე დღე დაველოდოთ. დღის ბოლოსკენ ქართული აქციების ფასები ზრდაზეც კი იყო ორიენტირებული, ამიტომ არასწორი იქნება რაიმე პარალელზე ვისაუბრო.

ქართული ბანკები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას და მუშაობას და ამიტომ ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში სისტემა არის სტაბილური და აგრძელებს მუშაობას და დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში აღარ გაჩნდება კითხვები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისი თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა არის სტაბილური და ძლიერი.

„აქციების მიმართებაში ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის სტაბილური და ძლიერი. სიმყარის ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი საბანკო სექტორში მაღალი კაპიტალიზაციაა, რაზედაც არა ერთხელ, მათ შორის თქვენთანაც, გამიკეთებია კომენტარი. მოთხოვნებიც არის და კაპიტალის მაღალი დონეა პროცენტულად საქართველოში რეგიონთან მიმართებაში და არა მხოლოდ რეგიონთან, ევროკავშირთან მიმართებაში. რეზერვების მაღალი დონეა და ამაზეც რეკომენდაციებიც კი გამოგვიხატავს, რომ მოთხოვნებიც მაღალია რეზერვების კუთხით. ლიკვიდურობის თვალსაზრისით ჭარბ ლიკვიდურობაზე არაერთი განცხადება გაკეთებულა. განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში ჭარბ ლიკვიდურობაზე. აქტივობის მაღალ ხარისხზე ახლახან ვსაუბრობდით იმასთან მიმართებაში, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მაღალი ხარისხის აქტივებია“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.