აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6818-დან 2.6775-მდე (0.16%-ით), ხოლო ევროს მიმართ - 2.9123-დან 2.8724-მდე (1.37%-ით) გამყარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6835 და 2.8762 შეადგინა. აპრილში ლარი- დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6953 იყო, მინიმალური კი - 2.6699.
„აპრილში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები დაახლოებით თანაბრად იყო გადახრილი.
აპრილში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია დრამისა და ლარის გამყარება, გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა; ასევე გაუფასურდა ევროც და რუბლიც, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 3.3%-ით გაუფასურდა, თუმცა თვის ჭრილში 0.2%-ით გამყარდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გამყარება 7.8%-ია, თვის ჭრილში კი - 0.8%.
ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის.
სავაჭრო პარტნიორთაგან აპრილში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, აშშ-ში, უკრაინასა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთში - დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - ნათქვამია სებ-ის თვის მიმოხილვაში.