American Express-მა გავრცელებულ ინფორმაციაში დაადასტურა, რომ კომპანია მზად არის საკუთარი საგადახდო სქემა გახსნას საქართველოში მოქმედი ყველა შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტისთვის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს American Express-თან გლობალური ქსელის ბარათების ემისიასა და ექვაირინგზე საქართველოში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება მომსახურების გლობალური კომპანიის გადაწყვეტილებას.- ,,American Express-ის გადაწყვეტილება საგადახდო სქემის გახსნის შესახებ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საგადახდო ინდუსტრიაში ეფექტიანი კონკურენციის წახალისებისკენ.

აღსანიშნავია, ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, რომელიც მისთვის მინიჭებული მანდატის შესაბამისად, საფინანსო სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს."- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ საქართველოს საგადახდო კანონმდებლობა, რომლის კონცეპტუალურ საფუძველს ევროკავშირის საგადახდო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საგადახდო სისტემებსა და საგადახდო სქემებზე ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული წვდომის გარანტირებასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საგადახდო სფეროში კონკურენციის გაძლიერებას.