საქართველოს მთავრობამ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ქობულეთში 500 000 მ³-ის მოცულობის წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა და 12 თვის ვადით მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ირკვევა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან, რომელიც 1 აგვისტოთი თარიღდება და რომელშიც ის ვალდებულებებია გაწერილი, რომელიც კომპანიამ ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ შავი ზღვის აკვატორიაში მხოლოდ ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით უნდა მოიპოვოს და აქვე გაწერილია სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად კონკრეტული კოორდინატები.
წიაღისეულის ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული პირობები უნდა შეასრულოს, თუმცა რა პირობები, პრემიერის განკარგულებაში დაკონკრეტებული არ არის.
კომპანიამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში ლიცენზიისგან გათავისუფლების გამო სახელმწიფო ბიუჯეტში 121 739 ლარი უნდა გადაიხადოს და სასარგებლო წიაღისებულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირაში კი მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობების შესახებ სააგენტოს ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.