ეროვნული ვალუტა ერთკვირიანი გაუფასურების შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღეა გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 20 ივნისიდან თითქმის 9 თეთრიანი გაუფასურების შემდეგ, ბოლო 4 დღეში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 2 თეთრით გამყარდა.
31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.11 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6322 გახდა.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტ ნიკა შენგელიას აზრით, აგვისტოში ლარი 2.55-2.65-ის ფარგლებში იქნება.
„გაუფასურების შემდეგ ჩვენი შეფასება იყო, რომ ლარი აუცილებლად დასტაბილურდებოდა, რადგან სავალუტო შემოდინება ძალიან დიდია და აქედან გამომდინარე, კურსი ვერ გაუფასურდება ისე, როგორც იყო წინა პერიოდებში.
საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაო რაოდენობის დოლარს იღებს სავალუტო ბაზრიდან, მაგრამ სებ-ი არასდროს არ ერევა მომენტალურად მაშინ, როდესაც პატარა რყევებია. გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს აწყობს ასეთი ცვლილება, რითაც მაქსიმალურად ისარგებლებენ კომერციული ბანკები და დაზარალდებიან მცირე და საშუალო სუბიექტები.
ჩვენი პროგნოზით, აგვისტოში ლარი იმერყევებს 2.55-2.65-ის ფარგლებში“, - ამბობს ნიკა შენგელია „კომერსანტთან“.
საინვესტიციო ბანკების პროგნოზით, 2023 წლის განმავლობაში ლარი გამყარებული დარჩება. „გალტ ენდ თაგარტი" 2023 წელს ლარის საშუალო კურსს, დოლართან მიმართებით 2.55-ს ვარაუდობს. მათი თქმით, ბოლოდროინდელი გაუფასურება ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება, რადგან სავალუტო შემოდინება რჩება ძლიერი და ტურიზმიდან შემოსავალი მკვეთრად იზრდება.
„თიბისი კაპიტალში“ კი ამბობენ, რომ საინვესტიციო ბანკის მოლოდინით, მიმდინარე წელს ლარი დოლართან მიმართებით 2.55-ის ფარგლებში იქნება, 2024 წელს - 2.70-ის, ხოლო 2025 წელს - 2.60-ის.