2023 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას PMCG აქვეყნებს.
2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67.5%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3.1%-ს შეადგენდა.
„საქართველოში 2015 წლიდან 2022 წლამდე დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 76.8%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, იმავე პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 17.6% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2015-დან 2022 წლამდე შეადგენდა 34.7%-ს, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე“, - აღნიშნულია კვლევაში.