აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 29 მაისს მიიღო დადგენილება, რომლითაც უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამ დადგენილებით საბჭოს ბიუჯეტი 10 113 570 ლარით განისაზღვრა.

აღნიშნული თანხიდან ხარჯებში 8 770 570 ლარი უნდა გაიწეროს, საიდანაც მხოლოდ ხელფასებში [შრომის ანაზღაურებაში] დაიხარჯება 5 978 532 ლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი 8 მილიონი ლარის ოდენობით დაამტკიცა, თუმცა აჭარის 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსთვის 2 მილიონით მეტი, ანუ 10,1 მილიონი ლარი გაითვალისწინეს.

უმაღლესი საბჭოსთვის ახალი დადგენილებით განსაზღვრული თანხაც აჭარის მთავრობამ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს.

ახალი დადგენილებით უცვლელი რჩება უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობაც – 117 საშტატო ერთეული.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა.

უსკოს შემაჯამებელი ოქმით საარჩევნო ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ და კოალიციამ გადალახა, თუმცა ოთხივემ უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი თავიდანვე განაცხადა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

უმაღლეს საბჭოში არ შედის, თუმცა სია არ ჩაუხსნია პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“.

ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და  მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე 188-ე დღეა უწყვეტად იმართება თბილისსა და სხვა ქალაქებში.

წყარო: "ბათუმელები"