სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა.
აუდიტი მიუთითებს, რომ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტში, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:
- შემოსულობების შესრულების ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს არსებული რესურსების სათანადო შეფასებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში შემოსავლების დინამიკის გათვალისწინებით, ხარჯების ოპტიმიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია დივიდენდების საპროგნოზო მაჩვენებლების მოცულობითი ზრდა;
- მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო დაწესებულებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინონ პროექტის განხორციელების/მიმდინარეობის როგორც წინარე გამოცდილება, ასევე დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და აღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, რათა ოპტიმალურად მოხდეს რესურსების გადანაწილება ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე;
- პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით არსებული ნაკლოვანებების ეტაპობრივი გამოსწორებისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ფორმალურად განისაზღვროს რეგიონში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.
უწყების განმარტებით, 2025 წლის განმავლობაში გაგრძელებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციების შედეგად 9 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის წინასწარმა მაჩვენებელმა 7.7% შეადგინა, 2026 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 5%-ის დონეზეა განსაზღვრული.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვერსიით, 2026 წელს შემოსულობები − 971.8 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელები 1 მლრდ ლარს შეადგენს და 2025 წლის გეგმასთან შედარებით, ორივე მაჩვენებელი იზრდება, შესაბამისად, 106.5 მლნ და 93.5 მლნ ლარით.