ლარი ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრ რყევებს განიცდის, რაც ეკონომისტ გიგა თვაური განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას უკავშირდება.
თვაური აღნიშნავს, რომ სიტუაცია ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, თუმცა რყევების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს.
,,ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ განგაშის ზარია შემოსაკვრელი. თუმცა, რამდენიმე პარამეტრზე გავამახვილებ ყურადღებას: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც არის ლარის სიმყარის ერთ-ერთი საშუალება, მეორე კვარტალში 659-იდან 580 მილიონამდე არის შემცირებული. აქვე არის არასტაბილური გადმორიცხვებიც, რაც ძალიან ურტყამს ლარს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ასახვას პოვებს სავალუტო ჯიხურებთან და რყევებიც სწორედ ამ ცვლილებებიდან არის გამომდინარე. ვიმეორებ, მდგომარეობა არ არის საგანგაშო, მაგრამ თუ გაგრძელდა, პირობითად, ერთი-ორი კვირის განმავლობაში, მიზეზების ძებნა უფრო სიღრმისეულად უნდა დავიწყოთ",- აღნიშნა გიგა თვაურმა "კომერსანტთან" ინტერვიუში.
„საქმე გვაქვს ძალიან დიდ გულგრილობასთან“ - როგორ ვერ შენიშნა ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში „შავი ფულის“ შემოდინება?!
ეკონომისტის შეფასებით, 600 მილიონი დოლარის გათეთრების გავლენა შესაძლოა დღეს პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ირიბად ლარის კურსზე და ზოგადად ეკონომიკის სტრუქტურაზე აისახება.
,,600 მილიონი დოლარის გათეთრების სკანდალის ფონზე შესაძლოა, დღეს პირდაპირ ვერ დავინახოთ გავლენა, მაგრამ ირიბად, ლარის კურსზე კი არა, საერთოდ მთლიანად ეკონომიკის სტრუქტურაზე შეიძლება იმოქმედოს და ისედაც დავარდნილი ნდობა კიდევ უფრო გააუფასუროს.
ასეთი შეკითხვა მაქვს: დავანებოთ 600 მილიონს, 100 მილიონი ავიღოთ: შესაძლებელია, რომ ქვეყანაში 100 მილიონი შემოვიდეს ისე, რომ ეროვნული ბანკის ინდიკატორებს, ჩარტებს, ანალიტიკოსებს ეს გამორჩეთ? პირველი - თუ ცნობილი იყო, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და თუ არ იყო ცნობილი, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ გულგრილობასთან",- აღნიშნა ეკონომისტმა გიგა თვაურმა.