სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად - Ba2 დონეზე დატოვა, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეცვალა.
ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული, რაც ზრდის ქვეყნის მოწყვლადობის ზრდის ალბათობას.
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, პერსპექტივის ცვლილება ერთგვარი სიგნალია, რასაც შესაძლოა, მომდევნო ჯერზე რეიტინგის ცვლილებაც მოჰყვეს.
ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის რეიტინგებს საერთაშორისო ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ, მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეიტინგი, არამედ ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში ახასიათებს სუვერენულ რეიტინგს.
„რეიტინგის სააგენტოების დასკვნებს ქვეყნების მაკროეკონომიკაზე, ინვესტორები ძალიან აკვირდებიან და მნიშვნელოვანი ფაქტორიც არის. ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ იმას, თუ რა რეიტინგი გვაქვს მონიჭებული, არამედ მიმართულებასაც, რა ტენდენცია ახასიათებს ამ ცვლილებებს უმჯობესდება თუ უარესდება. ჩვენნაირი ქვეყნისთვის დადებითი მოლოდინი გაუმჯობესებას უნდა გულისხმობდეს, რადგან დაბალი რეიტინგი გვაქვს.
ამ ეტაპზე არასაინვესტიციო რეიტინგი გვაქვს, BBB მაინც უნდა გვქონდეს, რომ საინვესტიციო რეიტინგად ჩაითვალოს. ჩვენ 30 წელია, ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, რომ საინვესტიციო რეიტინგამდე ავიდეთ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, რეიტინგი არ შეცვლილა, მაგრამ სარეიტინგო სააგენტოები პერსპექტივაზე გამოთქვამენ აზრს. ამიტომაც, პერსპექტივის გაუარესება ნიშნავს, რომ რეიტინგის გაუარესების დიდი ალბათობაა.
თუ დღევანდელი ვითარება გაგრძელდა, მაშინ ქვეყნის რეიტინგიც დადგება დღის წესრიგში. სარეიტინგო გარემო უარყოფითად პოლიტიკური გარემოს გამო შეფასდა, ანუ თუ პოლიტიკური სიტუაცია არ გამოსწორდა, მაშინ რეიტინგი გაუარესდება. უდიდესი უპასუხისმგებლობა იქნება მთავრობის მხრიდან, რომ ამ სიტუაციაში რეაგირება არ ჰქონდეთ. მათ, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ეუბნება, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს“,- აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.