2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 35,5 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მისი თქმით, ისევე, როგორც წინა წლებში, 2026 წლის ბიუჯეტიც ამ ეტაპზე დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;
მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია;
საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის - 3%-ის ფარგლებშია;
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს;
2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 140,9 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 13 900 დოლარს გადააჭარბებს;
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,2%-ია;
ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 35%-ის ფარგლებშია.
2026 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 26 800,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის გეგმასთან შედარებით 1 495,0 მლნ ლარით მეტია. ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 350,0 მლნ ლარს.
„ნაერთი ბიუჯეტის ნაწილში, ასევე, მნიშვნელოვანი პარამეტრია საბიუჯეტო დეფიციტის და ვალის მაჩვენებლები. 2026 წელს, როგორც სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მთავრობის ვალს, ჩვენ განვაგრძობთ მის ეტაპობრივ შემცირებას და 2026 წლის ბოლოსთვის, მისი მოცულობა პროგნოზირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის 34.9 პროცენტის ოდენობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.