2025 წელს საბანკო სექტორში შედარებით უფრო ნელი ტემპით იყო ზრდა, ვიდრე წინა პერიოდებში, - ასე ეხმიანება საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ეროვნული ბანკის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 10 თვეში საბანკო სექტორს 2.7 მილიარდი ლარის მოგება აქვს გამომუშავებული.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განმარტა, ზრდის ტემპების შენელების პროგნოზი 2024 წელსაც არსებობდა, თუმცა გასული წელი მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით დასრულდა. რაც შეეხება 2025 წელს, ამჯერად ზრდის ტემპი ნაკლებია.

„2025 წლის ზრდის ტემპი ნაკლებია, მაგრამ ზაფხულის პერიოდმა აჩვენა, რომ საკმაოდ აქტიური პერიოდი იქნება. რაც შეეხება მოგების მაჩვენებელს, დღეის მდგომარეობით საბანკო სექტორი არის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომის, ანუ სექტორი დაახლოებით მთლიანი ეკონომიკის ხელაა და მასზე პირდაპირ პროპორციულად აისახება ხოლმე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ანუ თუ ზრდის ტემპი კარგია და ეკონომიკა აქტიურია, ასეთ შემთხვევაში, საბანკო სექტორზეც პირდაპირ აისახება.

საკმაოდ დიდ მასშტაბზე არის უკვე საბანკო სექტორი და მგონია, რომ უფრო მეტად უნდა ვისაუბროთ ხოლმე პროცენტულ მაჩვენებლებზე. კერძოდ, რამდენია პროცენტულად კაპიტალთან და აქტივებთან მიმართებაში ეს მოგება, ვიდრე აბსოლუტურ მაჩვენებელთან მიმართებაში. უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ყურადღების გამახვილება მაშინ, თუ მოგების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდება. უნდა დავაკვირდეთ, რამდენად აისახება ეს ეკონომიკაზე იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საბანკო სექტორი კვლავ რჩება თუ ერთადერთ არა, ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებლად“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას.