ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-მაისში ქართულმა ბანკებმა 19,313 იპოთეკური სესხი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 1.65 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული სესხების ჯამური ღირებულება კი უცვლელია და წინა წლის მსგავსად 1.65 მილიარდ ლარს შეადგენს.
შესაბამისად, 2025 წლის 5 თვეში გაცემული ერთი იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 86 ათას ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ის 72 ათასი ლარი იყო.
იპოთეკური დაკრედიტების პორტფელის ზრდის დაბალი ტემპის გამო, 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მის შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
2025 წლის მაისის მდგომარეობით, ლარის იპოთეკური სესხების საშუალო განაკვეთი არის 13.10%, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.46 პროცენტული პუნქტით მეტია, შესაბამისად ქვეყანაში იპოთეკური კრედიტები გაძვირებულია.