„2025 წელს, 25%-ით გაიზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და 95 მილიონი ლარით განისაზღვრება“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერას, ბავშვზე ზრუნვას. 2024 წელს, დაახლოებით, 40 000 ბენეფიციარისთვის, მათი საჭიროებებისთვის, ბიუჯეტიდან, 76 მლნ ლარი დაიხარჯა. მომდევნო წლის განმავლობაში კი, პრაქტიკულად იგივე რაოდენობის ბენეფიციართათვის, დაგეგმილია 25%-იანი ზრდა და პროგრამის ბიუჯეტი იქნება 95 მილიონი ლარი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, 2025 წლიდან, დაფინანსება იზრდება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც და 2024 წელთან შედარებით, 237 მილიონი ლარით მეტით განისაზღვრება. მათ შორის, 185 მილიონი ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიც.
„დაფინანსების ზრდა გათვალისწინებულია ჯანდაცვის პროგრამებშიც. მათ შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2025 წელს, 185 მილიონი ლარით გაიზრდება. მთლიანად ჯანდაცვის ხარჯები კი 237 მილიონით გაიზრდება და გადააჭარბებს 1 მლრდ 800 მილიონს, რაც არის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა, პაციენტთათვის და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორისთვის“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს, 2024 წლის ბიუჯეტი იყო უპრეცედენტოდ დიდი. სამინისტრომ სრულად, 100%-ით შეასრულა დაგეგმილი ბიუჯეტი.
„სამინისტროს მიერ, პრაქტიკულად სრულად, 100% -ით იქნა ამოცანები შესრულებული, რის შედეგადაც ბიუჯეტის შესრულებაც მოხდა 100%ით. თითოეული ხარჯი, რომელიც იყო გათვალისწინებული დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი, სახელმწიფომ, პირნათლად და სრულად შეასრულა, მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს, გაწეული ქველმოქმედებისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
„არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო „სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს. მინდა, თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ მათი ქველმოქმედება, თავიდან ბოლომდე, შემოწირული თანხის თითოეული თეთრი იმ ადამიანებს ხმარდებათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ფინანსური დახმარება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს