2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში, 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, - ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 თბილისის მერია ავრცელებს. გამგებელმა ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა.

„საგზაო ინფრასტრუქტურა 87 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები - 154 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე ქსელი 5 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 18 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 62 მისამართზე განხორციელდა; 8 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 2 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 192 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 51 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 43 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა და 38 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა“, - აღნიშნა რაიონის გამგებელმა.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა. ასევე, 2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 7 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, საახალწლო ღონისძიება კი წლის ბოლოს ჩატარდება.

გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც 2025 წლის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.