2024 წელს ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 896 ლარი იყო, ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

როგორც 2024 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებლებიდან ჩანს, გასულ წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 10.1%-ით გაიზარდა და 1 896 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარს გაუტოლდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერრები, რომლის წილიც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 90.4% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.9%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 81.7%-ს შეადგენდა

აღსანიშნავია, რომ ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.6% შეადგინა.

თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.7%-ს გაუტოლდა.

პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.3% შეადგინა.