2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

როგორც მან აღნიშნა, 4-წლიანი ჯამური მაჩვენებლით 2020 წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 45%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 85%-ს მიაღწია და 2024 წელს 91 მილიარდ 891 მილიონ ლარს გადააჭარბა. ე.წ. პოტენციურ ზრდასთან შედარებით, რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალი იყო 2023-2024 წლებში, რის შედეგადაც 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, განვლილ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდ წილად ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდასთან იყო დაკავშირებული, კერძოდ:

  • ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს არსებული 12,3 მილიარდი ლარიდან, 21 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, კერძო ინვესტიციების ზრდამ 65%-ს გადააჭარბა და 13,3 მილიარდი ლარი შეადგინა;
  • ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 140%-ზე მეტად, მათ შორის, მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელი 4-ჯერ გაიზარდა. პანდემიის ეფექტის გამოკლებით, 2019 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 65%-ს გადააჭარბა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. კერძოდ:

  • მშპ-ის 9,2%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ის 2,5%-ის დონეზეა. ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდა 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით;
  • მთავრობის ვალის მოცულობა 60%-დან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ის 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მას შემდგომ გრძელდება მისი შემცირების კლებადი დინამიკა. 2024 წლის ბოლოსთვის, მისმა თანაფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან 36,1% შეადგინა, რაც უსაფრთხო მაჩვენებელია.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს